დრო:09:20:25თარიღი:კვირა 05 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


პრეზენტაციები

 2010 წლის 12 აგვისტოდან, სამი თვის განმავლობაში, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები გაეცნობიან დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ თემატურ პრეზენტაციებსა  და  პუბლიკაციებს.

წარმოდგენილ მასალაში ასახულია საქართველოში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პროცესები - არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი რეფორმების საჭიროება. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგ თემებს: საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება, საბიუჯეტო ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი და სხვ. 

პროგრამული ბიუჯეტირების გამოწვევები საქართველოში

17 სექტემბერი, 2010წ.

მიხეილ კუკავა, პრეზენტაცია

პრეზენტაციაში მიმოვიხილავთ იმ წინააღმდეგობებს, რასაც პროგრამული ბიუჯეტირების  შინაარსიანი ამოქმედების მნიშვნელოვნად შეფერხება შეუძლია. პრეზენტაციის ძირითადი კითხვა იქნება თუ რას უნდა მივაღწიოთ პროგრამული ბიუჯეტირებით და რას დაგვანახებს პროგრამული ბიუჯეტი კონვენციური ბიუჯეტისგან განსხვავებით.

პრეზენტაცია ასევე შეეხება პროგრამული ბიუჯეტირებისთვის მნიშვნელოვან სხვა არაერთ საკითხს, რაც დღეს ქვეყანაში არ განიხილება, კერძოდ, გადაფარვების პრევენციას, ალტერნატიული ღირებულების დათვლას და სხვ.

იხილეთ სრული ვერსია

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი

 7 ოქტომბერი, 2010წ.

გიორგი  ესაკია, პრეზენტაცია

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციების ანალიზი, განხილულია ფაქტორები და შეფასებულია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. 

მოყვანილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების შედეგად სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის მიერ მიღებული მოსალოდნელი სარგებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები.

შემოთავაზებულია რეკომენდაციების კომპლექსი, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

იხილეთ სრული ვერსია

საბიუჯეტო ხარჯვის კანონთან შესაბამისობა

25 აგვისტო, 2010წ.

მიხეილ კუკავა, პრეზენტაცია

პრეზენტაცია ეხებოდა: 

  1. საბიუჯეტო ხარჯვის კანონთან და საღ აზრთან  შეუსაბამობის იმ შემთხვევებს, რაც პრაქტიკად ტენდენციად ჩამოყალიბდა;
  2. კანონის რაციონალურობას და საბიუჯეტო ხარჯვის პროგნოზირებადობას.

სარეზერვო და სხვა ფონდების მაგალითზე განხილულ იქნა ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზები და გაწეული ხარჯების აღდგენის მექანიზმი. დაისვა ასიგნებების ზღვრული მოცულობების დაცვისა და დაზუსტების და დასაქმებულთა ზღვრული რიცხოვნობის მითითების პრობლემები.

დასმული პრობლემების გადასაწყვეტად პრეზენტაციაში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე გაიმართა დისკუსია.

იხილეთ სრული ვერსია

საქართველოს ექსპორტის არსებული ტენდენციები და მისი ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი რეკომენდაციები

20 სექტემბერი, 2010 წ.

გიორგი  ესაკია, პრეზენტაცია

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია საქართველოს ექსპორტის ტენდენციები და არსებული პრობლემები. Mგაანალიზებულია ექსპორტის განხორციელების დროს არსებული სატარიფო და არასატარიფო ბარიერები და შეფასებულია ის ღინისძიებები, რომელიც დღეისათვის ხორციელდება ექსპორტის წახალისების, კერძოდ ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის და ექსპორტის პროცედურების  განხორციელების გამარტივების კუთხით.
წარმოდგენილია ექსპორტის ზრდის შედეგად სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის მიერ მიღებული სარგებლის გაანგარიშების მეთოდოლოგია და ექსპორტის ზრდის ობიექტური შეფასების რეკომენდაციები.

იხილეთ სრული ვერსია

საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები

24 აგვისტო, 2010წ.

გიორგი ესაკია. პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის პროცესში არსებული პრობლემები. მოყვანილია, მაგალითები სტატისტიკური ინფორმაციის სახით, რომლებიც ასაბუთებს აღნიშნული პრობლემების არსებობას და მათი გამოსწორების აუცილებლობას. წარმოდგენილია დაგეგმვისა და მობილიზების შეფასების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები. დასკვნის სახით  წარმოდგენილია შემოსავლების დაგეგმვისა და მობილიზების შესახებ ანგარიშებში შესატანი შეფასების ინდიკატორების კომპლექსი.

იხილეთ სრულ ივერსია

საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება

20 აგვისტო, 2010წ.

მიხეილ კუკავა, პრეზენტაცია.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი  ურთულესი პრობლემაა და განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის სრულყოფისთვის ჩატარებული სერიოზული სამუშაოს მიუხედავად  რჩება უამრავი კითხვა, რომელსაც არსებული კლასიფიკაცია პასუხს ვერ სცემს. რაც არ უნდა მოცულობითი იყოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის სრულყოფის პროცესი, ამგვარი კითხვები მაინც დარჩება, მაგრამ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიზანი კითხვების რაოდენობის მინიმიზება უნდა იყოს.

ამასთან, შინაარსიანი და დეტალიზებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის გარეშე შეუძლებელია დინამიკის შედგენა და ტენდენციების დანახვა და, მაშასადამე, მაკროეკონომიკური ჩარევების დაგეგმვა.

ამდენად, პრეზენტაციაზე სადისკუსიოდ დაისმება ის კითხვები, რასაც არსებული კლასიფიკაციით ვერ გავცემთ პასუხს. პრეზენტაციაზე ასევე მიმოვიხილავთ შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის პრობლემებიდან შევეხებით:

  • საგადასახადო დავალიანების (მათ შორის სანქციების) აღრიცხვას, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა 
  • კვლევისა და განვითარების, ინფრასტრუქტურული ხარჯების და სხვა ფუნქციონალური კოდების შემოღებას.
  • კითხვებს, რომლებსაც არსებული კლასიფიკაცია პასუხს ვერ სცემს.

იხილეთ სრული ვერსია

საბაჟო და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი

17 აგვისტო 2010წ.

გიორგი ესაკია.პრეზენტაცია.

წარმოდგენილია 2004-2009 წლებში ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო სისტემებში განხორციელებული  რეფორმების ანალიზი, დასაბუთებულია მისი გატარების აუცილებლობა და განხილულია რეფორმების ძირითადი შედეგები,Mმოყვანილია სტატისტიკური ინფორმაცია რეფორმების განხორციელებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რომელიც ასახავს რეფორმების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. შემაჯამებელი დასკვნების სახით მოყვანილია რეფორმების შემდგომი განხორციელების ძირითადი მიმართულებები.

იხილეთ სრული ვერსია

საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის გაუმჯობესება

12 აგვისტო 2010წ.

მიხეილ კუკავა. პრეზენტაცია. 

პრეზენტაცია შეეხო საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის ყველაზე მწვავე პრობლემებს, კერძოდ:

1. ანგარიშგების მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ბიუჯეტის დეფიციტურობის თუ პროფიციტულობის მიუხედავად: ა.  რატომ უნდა ხდებოდეს შესრულების ანგარიშგება დაზუსტებული და არა კანონით დამტკიცებული გეგმის მიხედვით. ბ. რას აშავებს დღეს პრაქტიკაში არსებული ანგარიშგება.

ჰიპოთეტური მაგალითით განხილულ იქნა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს პირობებში დაზუსტებული გეგმის მიხედვით ანგარიშგების უპირატესობა.

2. ანგარიშგების სხვა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დარიცხვის და საკასო მეთოდის თავსებადობა და სხვადასხვა მეთოდით ანგარიშგების პირობებში დებიტორული დავალიანების, ფიქსირებული აქტივების მოხმარების აღრიცხვა და სხვ.

3. მოკლე და საშუალოვადიანი საბიუჯეტო დაგეგმვის გაუმჯობესებით ხარჯვის პროგნოზირებადობის და რაციონალურობის გაზრდას, მათ შორის დამტკიცებულ/დაზუსტებულ  ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ხარჯვას შორის მკვეთრ შეუსაბამობებს, მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მოთხოვნებს და სხვ.

შესრულების ანგარიშგების სრულყოფისთვის ხაზგასმით აღინიშნა საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან არის უამრავი საკითხი/პრობლემა, რასაც საჯარო სექტორის არცერთი საერთაშორისო საბუღალტრო თუ აუდიტის სტანდარტი  არ განმარტავს. საუკეთესო პრაქტიკა კი უმნიშვნელოვანეს მაგალითებს გვთავაზობს, რომელთა გააზრებულ გათვალისწინებასაც შეუცვლელი დახმარების გაწევა შეუძლია საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზებაში.

იხილეთ სრული ვერსია