დრო:00:24:36თარიღი:ოთხშაბათი 08 თებერვალი 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


პრეზიდიუმის შესახებ

"საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ"

საქართველოს კანონი

მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მისი უფლებამოსილება

1.კონტროლის პალატაში იქმნება კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

2.კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას იწვევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

3. კონტროლის პალატის პრეზიდიუმს თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

4. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი განიხილავს:

ა) საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, აგრეთვე სახელმძღვანელო დოკუმენტებს;

ბ) აუდიტის წლიურ საორიენტაციო და კვარტალურ გეგმებს, ასევე იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური აუდიტის ჩატარების თაობაზე;

გ) საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კონტროლის პალატის ბიუჯეტისა და მოსამსახურეთა ზღვრული რიცხოვნობის პროექტს;

დ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების სტრუქტურას;

ე) საქართველოს პარლამენტში წარსადგენ მოხსენებებსა და ანგარიშებს;ვ) კომისიებისა და სპეციალური სამუშაო ჯგუფების ანგარიშებს;

ზ) მნიშვნელოვანი აუდიტის შედეგებს და მათზე შემდგომი რეაგირების საკითხს;

თ) საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის პროექტს;

ი) და აფასებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მუშაობის ანგარიშებს.

5. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

6. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ, პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილული საკითხების შესახებ წერილობით წარმოადგინონ თავიანთი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს.

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი

მუხლი 9. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის ორგანიზების, გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. პრეზიდიუმის სხდომებს იწვევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეების ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

2. განსახილველ საკითხს ამზადებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად.

3. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხს წარმოადგენს განსახილველი საკითხის ან პროექტის ინიციატორი.

4. პრეზიდიუმის წევრებს სხდომის დღის წესრიგის მასალები, როგორც წესი, მიეწოდებათ სხდომამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე.

5. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი და მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.

6. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრეზიდიუმის სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმი. პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე

7. პრეზიდიუმის სხდომის ორგანიზებასა და დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს მოწვეულ პირთა რეგისტრაციას.

8. პრეზიდიუმი უფლებამოსილია, გამართოს სხდომა, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

9. არაგეგმური აუდიტის ჩატარების თაობაზე პრეზიდიუმი იღებს დადგენილებას, ხოლო კანონით პრეზიდიუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე განხილვის შედეგები ფორმდება საოქმო ჩანაწერით. დადგენილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, ხოლო ოქმს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

10. არაგეგმური აუდიტის შესახებ პრეზიდიუმის დადგენილებას, სხდომის გამართვიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, ამზადებს დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი.

11. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ, პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილული საკითხების შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით წარმოადგინონ თავიანთი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს.

12. პრეზიდიუმის დადგენილების რეალიზება ხდება შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა დადგენილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.