დრო:05:03:49თარიღი:შაბათი 31 ივლისი 2010

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


საქართველოს კონტროლის პალატის ისტორია

საქართველოს კონტროლის პალატის ისტორია 1918 წლიდან იწყება.

1918 წლის 28 ივნისს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი “სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების” შესახებ და განსაზღვრა მისი სტატუსი.

 იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო კონტროლიორის სამსახური ფართო უფლებებით აღჭურვა. ქართული კანონმდებლობა სახელმწიფო კონტროლს აკისრებდა არა მარტო ნაკლოვანებათა და დარღვევათა გამოვლინების ფუნქციას, არამედ მასვე ევალებოდა თვალყურის დევნება ფინანსების ხარჯვაზე, კრედიტების განაწილებაზე, ანგარიშის წარმოებაზე; მოეთხოვებოდა გამოეთქვა მოსაზრება საბეგრო სისტემის გადასახადების, ბაჟისა და სხვა სახის სახელმწიფო შემოსავლების გადახდის ავ-კარგიანობაზე. მასვე ჰქონდა მინდობილი სააღრიცხვო მეურნეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და წესრიგის დამყარება.

1918-1921 წლებში მიღებულ იქნა სამართლებრივი აქტების ის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში კონტროლის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ეხება. კერძოდ: კანონი “სახელმწიფო კონტროლიორის დაარსებისა”, კანონი “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის შესახებ” და 1921 წლის კონსტიტუციის მე-8 თავი სათაურით “სახელმწიფო კონტროლი”.

1921 წლის საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვრა საქართველოს კონტროლის პალატის სტატუსი - როგორც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუცია.

კონტროლის ორგანიზაცია და მოქმედების წესი განსაზღვრული იყო კანონით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა: სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება; სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი; მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში; ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები. სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევდა პარლამენტი. იგი არ ითვლებოდა მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ სარგებლობდა მინისტრის უფლებებით და პასუხისმგებელი იყო მხოლოდ პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო კონტროლიორი ყოველწლიურად ანგარიშს აბარებდა პარლამენტს.

1918-1920 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე, ნოე ჟორდანიას თხოვნით, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძის თანამედროვეს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ეკონომისტს, პუბლიცისტს, მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის დიდ მკვლევარს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილს მოუწია მოღვაწეობა. იმდროინდელმა მრავალპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას.

1921 წელს, საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო, შემდგომი 70 წლის განმავლობაში, სსრკ სახალხო კონტროლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გადაიქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვის პირველივე თვიდან სახელმწიფო კონტროლის ერთგვარ ანალოგს წარმოადგენდა საქართველოს მუშურ-გლეხური ინსპექცია. შემდგომ საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისია, რომელსაც ირჩევდა საქართველოს კპ (ბ) ყრილობა.

1934 წელს ცენტრალური საკონტროლო კომისია გარდაიქმნა პარტიული კონტროლის კომისიად.

1940 წელს ჩამოყალიბდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატი.

1946 წლიდან მას ეწოდა სამინისტრო, შემდგომ კი – სახელმწიფო კონტროლის კომისია.

1962-1965 წლებში მოქმედებდა პარტიულ-სახელმწიფო კონტროლის კომიტეტები, რომლებიც აკონტროლებდნენ პარტიისა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას.

1965 წელს შეიქმნა სახალხო კონტროლის კომიტეტი. ეს იყო სახელმწიფო კონტროლის სპეციალურ ორგანოთა სისტემა, რომლებიც აკონტროლებდნენ სახელმწიფო მმართველობის თითქმის ყველა ორგანოსა და ორგანიზაციის, საწარმოსა და დაწესებულების საქმიანობას.

საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტს ქმნიდა საქართველოს უმაღლესი საბჭო და თავადვე მეთაურობდა სახალხო კონტროლის ორგანოთა მთელ სისტემას.სახალხო კონტროლის ორგანოებს შეეძლოთ მიეთითებინათ თანამდებობის პირთათვის მათ მიერ დაშვებულ ნაკლოვანებებზე და მკაცრად მოეთხოვათ მათი აღმოფხვრა; ხოლო სერიოზული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობებინათ ზემდგომი ორგანოებისათვის, დაენიშნათ რევიზია შესაბამისი სპეციალისტების მოწვევით, შეემოწმებინათ სამეურნეო-საფინასო მდგომარეობა, შეეჩერებინათ თანამდებობის პირთა უკანონო განკარგულებები, გადაეყენებინათ ისინი დაკავებული თანამდებობიდან, გადაეცათ პროკურატურისათვის მასალები დატაცებისა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებათა შესახებ.

1991 წელს საქართველო გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და სახალხო კონტროლის კომიტეტმაც შეწყვიტა არსებობა.

1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის სამართალმემკვიდრეა.

1992 წლიდან საქართველოს კონტროლის პალატა უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციათა საერთაშორისო ორგანიზაცია INTOSAI-ს, 1993 წლიდან უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციათა ევროპული ორგანიზაციის – EUROSAI -ს, ხოლო 2004 წლიდან უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების აზიური ორგანიზაციის – ASOSAI -ს წევრია.

1993 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”.

1995 წელს საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს კონტროლის პალატა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა.

1997 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”.

საქართველოს კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობას და ეფექტურობას.

კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატა ახორციელებს კონტროლს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და საჯაროობის პრინციპის საფუძველზე.

კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების ძირითად პრინციპებს, საქმიანობას წარმართავს კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საკონტროლო ორგანოებთან ურთიერთკავშირის განმტკიცების, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით.

2008 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ".

კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, იქმნება კონტროლის პალატაში, რომელშიც თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

კანონმდებლობა

გაეცანით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს. აქ განსაზღვრულია კონტროლის პალატის მიზნები და მოქმედების სფერო, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი და სხვ.

გარდა ამისა, იხილეთ საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი და შინაგანაწესი.