დრო:10:09:25თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსები ექვემდებარება სრულ გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს უნდა ახორციელებდნენ კანონის შესაბამისად და სპეციალურად განკუთვნილი ანგარიშებიდან.

ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან. დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის- ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან.

დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს.

დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

იხ. თანდართული ფაილი

პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ დააჯარიმა უკანონო შემოწირულობის 150 000 აშშ დოლარის ათმაგი ოდენობით

პოლტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. 

მონიტროინგის პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდირებული (ქართული ოცნების ლოგოტიპით) 200 000 ცალი მაისურებით უზრუნველყოფას. 

დადგენილი იქნა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“ ამ მიზნით განახორციელა 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია თურქული კომპანია “TUREN CAMASIRLARI” -ის ანგარიშზე.

სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი. 

სამუშაოს შესრულება არ არის უზრუნველყოფილი ავანსის გადახდით და სათანადო ფინანსური გარანტიებით. 

ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული.
შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მომსახურება არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან, ვინაიდან არასდროს და არც სხვა პირებისთვის მსგავსი მომსახურება არ განუხორციელებია. 

მონიტორინგის პროცესში გამოკითხული იქნა შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორი თენგიზ გვაზავა და საწარმოს მთავარი ბუღალტერი ნინო მენაბდე. ფირმის წარმომადგენლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს. 

მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

მონიტორინგის სამსახურის განცხადება

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის დადგენილია პოლიტიკური საქმიანობისათვის მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება. საქართველოს მოქალაქეებს კანონმდებლობით უფლება აქვთ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერებაზე და გამჭვირვალობაზე.

პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები.

ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით. მოქალაქეებს უფლება აქვთ შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება

გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს.

................................................................................................................................

ცოლ-ქმარ ბესიკ მუმლაურის და თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტებები:

ბესიკ არსენის-ძე მუმლაური:

1990-იანი წლებიდან ვარ უმუშევარი, ვარ დაავადებული დიაბეტით, რის გამოც ვერ ვეწევი აქტიურ სამუშაოს. ყოველთვიურად მეხმარება რეგულარულად სამი წელი ბანკი ქართუს საშუალებით ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვიურად ხელზე ვიღებთ 2 780 ლარს დაქვითვის გარეშე. თანხის ნაწილს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებისათვის, დანარჩენს კი ვაგროვებდი შავი დღისთვის. ერთადერთი შემოწირულობა განვახორციელე 2012 წლის თებერვლის დასაწყისში 10 000 ლარი, რომელიც იყო ჩემი პირადი დანაზოგი. ოჯახის დანაზოგი იყო დაახლოებით 17 000 ლარი. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახმარება დასჭირდა, რადგან ვნახე, რომ უჭირდა „ქართული ოცნებისათვის“ თანხების მოძიება, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და შევეცადე დავხმარებოდი მას ფინანსურად 10 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნული 2 780 ლარიდან მე მერიცხება ჩემ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ქართუ ბანკში. ყოველთვიურად 1390 ლარი, მეუღლეს თავის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ერიცხება 1390 ლარი. ჩემა მეუღლემ (თამაშა ჩიტაიამ) „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის თებერვლის დასაწყისში შეწირა 5000 ლარი. ამ ეტაპზე ჩვენი დანაზოგია 2000 ლარი რასაც ვინახავ სახლში.

თამაშა ჯაჯის-ას ჩიტაია:

90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400 ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი სადაც ვვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას 1390 ლარს ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია რაც ვიღებთ. სამწუხაროდ ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება სამწუხაროდ არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა როდესაც „ქართულ ოცნებას“ შევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე ჩემი დანაზოგი თანხა 5000 ლარი შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“, მოგახსენებთ 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით. 

მარიამ მეტრეველის ახსნა-განმარტება:

მარიამ ანდრიას-ას მეტრეველი

საშუალოდ ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არის 1000-1500 ლარი. თვის განმავლობაში ვახერხებ დაახლოებით 500-800 ლარი დანაზოგის გაკეთებას, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვახერხებ. გავხსენი ანგარიში ქართუ ბანკში თუ რატომ გახდა საჭირო ანგარიშის გახსნა ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ ჯერ უნდა გამეხსნა ანგარიში ხოლო იქიდან გადამერიცხა „ქართული ოცნებისათვის“. „ქართული ოცნების" ანგარიში არ ვიცოდი თვითონ ბანკის თანამშრომელმა ჩემი თხოვნით მომიძებნა. მე არ დამიკონკრეტებია თუ რომელი „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე უნდა ჩარიცხულიყო თანხა. ოპერატორმა თავად გადაწყვიტა რომელ ანაგრიშზე ჩაერიცხა. წარსულში ქველმოქმედება არ განმიხორციელებია და ფული არავისთვის არ გადამირიცხავს. არა იმიტომ, რომ არ მქონდა ამის საშუალება არამედ იმიტომ რომ სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი შემოწირულობა რაც განვახორციელე მოხდა 9 თებერვალს ჩემი დანაზოგიდან 10 000 ლარი შევწირე ბიძინა ივანიშვილის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“. ერთ მშვენიერ დღეს ამოტივტივდა სურვილი დავხმარებოდი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, რადგან ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ბიძინა ივანიშვილის სხვა კომპანიებისათვის ფული არასოდეს არ შემიწირავს, მათი არსებობა რა თქმა უნდა ვიცოდი, რადგან ვმუშაობ „ ქართუ ჯგუფთან“ არსებულ კაფეში.

ვახტანგ ედიშერაშვილის ახსნა-განმარტება:

ვახტანგ გიორგის-ძე ედიშერაშვილი

ვარ დროებით უმუშევარი 2000 წლიდან. მე ოთხ წელზე მეტია ვიღებ დახმარებას „ქართუ“ ფონდისგან ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. სხვა დროის გარდა თებერვლის დასაწყისში (9 თებერვალს) განხორციელებული შემოწირულობის გარდა ქველმოქმედება არასოდეს გამიწევია. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებისათვის ან სხვა გაჭირვებულისათვის თანხა არ გადამირიცხავს, გარდა ერთი მაქსიმუმ 5 ლარისა. ქველმოქმედების სურვილი სხვა დროს გამჩენია, თუმცა არ ვთვლიდი თავს ვალდებულად ვინმეს დავხმარებოდი მატერიალურად. იმის საშუალება კი მქონია, რომ ვინმეს დავხმარებოდით 10 -20 -100 ლარით. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესწიროს ნებისმიერ პარტიას მაქსიმუმ 60 000 ლარი. სწორედ ამიტომ მე უფლება მივცი ჩემ თავს და შევწირე 10 000 ლარი „ ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის კომპანია ქართული ოცნება ჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგებათ.

მივედი ქართუ ბანკში ვიკითხე „ქართული ოცნების“ ანგარიშის ნომერი, გამიფორმეს საბუთები და თან ნაქონი 10 000 ლარი უშუალოდ შევიტანე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. დამატებით რამე ანგარიში ბანკში არ გამიხსნია. ნაღდი ფული 10 000 ლარი ჯერ ჩემს პირად ანგარიშზე არ შემიტანია, არც ქართუ ბანკში და არც სხვა ბანკში ანგარიშზე, პირადი არ გამაჩნია, რადგან არ ვენდობი ბანკებს. ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი არის 2300 ლარი.

გიორგი კობახიძის ახსნა-განმარტება:

გიორგი ტიტეს-ძე კობახიძე

„დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთიანი საქართველოს“ რომლის თავმჯდომარეცაა ნინო ბურჯანაძე, აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მოგახსენებთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ფაქტი თითქოს მე დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრებს, კერძოდ კი ლია შერბაკოვს გადავეცი 300 ლარი, რათა მას ეს თანხა შეეტანა ზემოაღნიშნული პარტიის ანგარიშზე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქალბატონს ვიცნობ დაახლოებით ორი წელია, რა პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე მისესხებია თანხა დაახლოებით 50-300 ლარის ოდენობით. დაახლოებით ერთი თვის წინ მე მას ვასესხე 300 ლარი. ამ ფაქტს არ მახსოვს ვინმე შეესწრო თუ არა, ბოლო ორი- სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა პირებისთვისაც მისესხებია სხვადასხვა ოდენობის თანხა. მოგახსენებთ, რომ ლია შერბაკოვთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია და რაიმე პირადი წყენა ჩემს მიმართ წესით არ უნდა ჰქონოდა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი მისი მხრიდან ტყუილის თქმის. შესაძლებელია მან ჩემს მიერ ნასესხები 300 ლარი მართლაც შეიტანა „ დემოკრატიული მორაობა ერთიანი საქართველოს" ანგარიშზე, თუმცა მისთვის ეს თანხა ამ მიზნით არ გადამიცია. 

ლია შერბაკოვის ახსნა-განმარტება:

ლია ნიკოლოზის -ას შერბაკოვი

2011 წლის ნოემბრიდან ვმუშაობ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" თბილისის ორგანიზაციის მდივნად. ჩემი უშუალო უფროსია გიორგი კობახიძე. იგი არის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მითითებებს კონკრეტულ დავალებებში უშუალოდ ვიღებ გიორგი კობახიძისაგან. მე „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრად ვითვლები დაახლოებით 2 წელია. პარტიის წევრობის ორი წლის განმავლობაში არ განმიხორციელებია არანაირი სახის საწევრო შენატანი ან სხვა ტიპის შემოწირულობა . თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას, რომელიც მოხდა დაახლოებით ორი კვირის წინ, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყო პარასკევი დღე. საქართველოს ბანკში არსებულ ჩემს პირად ანგარიშზე ჩავრიცხე 300 ლარი და იმავე დღეს საწევრო შენატანის სახით გადავრიცხე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ანაგრიშზე“. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პარტიას შევწირე თანხა, რადგანი იმის საშუალება რომ პარტიას შევწირო ფულადი სახსრები სამწუხაროდ არ გამაჩნია. ჩემი თვიური ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს. ხელფასს ვიღებ ხელზე რაიმე საბანკო ანაგრიშის გარეშე. ხელფასს მიხდის უშუალოდ გიორგი კობახიძე, რა დროსაც რაიმე დოკუმენტზე ხელს არ ვაწერ ხოლმე. ის თანხა რაც მე პარტია „დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“  ანაგრიშზე შევიტანე საწევრო შენატანის სახით არ იყო ჩემი პირადი თანხა. 300 ლარი გადმომცა უშუალოდ პარტიის თბილისის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ და მთხოვა, რომ ჩემი ანგარიშის მეშვეობით შემეტანა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე საწევრო შენატანი. 2012 წლის დასაწყისიდან პარტიის ხელმძღვანელები თანამშრომლების მეშვეობით ახდენდნენ პარტიის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას, როგორც მე მივხვდი ეს დაკავშირებული იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან, თუმცა ზუსტად რა კანონზეა საუბარი არ ვიცი. ჩემს თვალწინ მომხდარა შემთხვევა როდესაც გიორგი კობახიძემ რამდენიმე პიროვნებას... როცა გიორგი კობახიძის თხოვნა შევასრულე და მის მიერ მოცემული თანხა -300 ლარი შევწირე პარტიას. ვაცნობიერებდი , რომ შესაძლოა რაღაცას არასწორედ ვაკეთებდი, თუმცა მე დამოკიდებული ვარ ამ სამსახურზე , თანაც ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი გამონაკლისი და პარტიის სხვა წევრებსაც ანალოგიურად შეჰქონდათ თანხები „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე.

წერილი

ელექტრონული დეკლარირების პროგრამა

გაცნობებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკურ სუბიექტებთან უფრო ეფექტური და მოქნილი კომუნიკაციის მიზნით, შექმნა ახალი ვებინტერფეისის მქონე ელექრონული დეკლარირების პროგრამა, რომლის მიზანია შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის მიღების, დამუშავების და ანალიზის პროცესის გამარტივება, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება, უფრო მარტივად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 27 თებერვლიდან იწყება. პრეზენტაციის პარალელურად ჩატარდება ტრენინგი, რათა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტოთ ელექტრონული დეკლარირების მოხმარების წესები და გადაეცეთ მომხმარებლის პერსონალური სახელები ინდივიდუალურ პაროლებთან ერთად. ტრენინგის პროცესის დასრულებამდე, პარტიებს მიეცემათ სატესტო ვერსიაში მუშაობის საშუალება, რათა უფრო დეტალურად და ამომწურავად გაეცნონ მუშაობის წესს და პრინციპებს, რის შემდეგაც ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უკვე სავალდებულო იქნება შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია შეავსონ ვებგვერდის მეშვეობით, საიდანაც ბუღალტრის მიერ შევსებული და თავმჯდომარის (პასუხისმგებელი პირის) მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფორმა ავტომატურად მოხვდება საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება სავალდებულო ინფორმაციის გადმოგზავნა საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ მისამართზე cpu@control.ge და მას ჩაანაცვლებს ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების სისტემა, თუმცა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის სავალდებულო რჩება შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის დედნების წარმოდგენა საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიაში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის მოწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატა და რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ვალდებულება შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს სამ დღეში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ ინფორმაციის ვებინტერფეისის მეშვეობით მოწოდების წესს, რაც არის ძალზედ მარტივი და მიზნად ისახავს დეკლარირების უფრო ცივილური ფორმით განხორციელებას და ანალიზის გამარტივებას.

ამდენად, საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგზე გამოცხადდეს პოლიტიკური სუბიექტის ბუღალტერი და თავმჯდომარე (ან თავმჯდომარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით განსაზღვრული პირი). იმისათვის, რომ ტრენინგამდე დეტალურად მომხდარიყო სიახლის გაცნობა, პოლიტიკურ სუბიექტებს დაეგზავნათ ვებინტერფეისის სატესტო ვერსიის მისამართი და სატესტო პაროლები, დაეგზავნათ ასევე ფორმების შევსების და მოწოდების დეტალური ინსტრუქცია. მუშაობის შედეგად გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, ყველას შეეძლება დაგვიკავშირდეს ცხელი ხაზის მეშვეობით და ჩვენი კონსულტანტებისაგან მიიღოს დეტალური განმარტებები. ტრენინგამდე სატესტო ვერსიაში მუშაობა ყველა სუბიექტს დაეხმარება პრეზენტაციისათვის იყვნენ უფრო მომზადებულები, დასვან ყველა ის შეკითხვა და გააჟღერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში გაუჩნდებათ.

ტრენინგი გაიმართება 27 თებერვალს ორ ეტაპად - 12 საათსა და 4 საათზე. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სუბიექტების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს კონტროლის პალატის ცხელი ხაზის მეშვეობით 243 81 53.

დამტკიცდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური ანგარიშის ფორმები და მათი შევსების ინტრუქცია

2012 წლის 23 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის N10/37 ბრძანებით, დამტკიცდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური ანგარიშის ფორმები და მათი შევსების ინტრუქცია, რაც იმავე დღეს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმები და შემოწირულობის შესახებ ინფორმაციისათვის განკუთვნილი ცხრილები ასევე განთავსდა საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით შევსებული და ხელმძღვანელი პრის ხელმოწერით დადასტურებული წლიური დეკლარაცია 2012 წლის 1 თებერვლამდე უნდა მიეწოდოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით მისამათზე cpu@control.ge. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ოფიციალურ ინფორმაციად მიიჩნევა პოლიტიკური სუბიექტების მიერ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული საფოსტო მისამართიდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გაგზავნის პარალელურად, პარტიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული ცხრილების დედნები უნდა ჩაბარდეს საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიას, რასაც თან უნდა ახლდეს აუდიტის დასკვნა. 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის #8/37 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 ლის 1 იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე პირს (აუდიტორი/აუდიტური ფირმა), რომელსაც აქვს აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

თუ პოლიტიკური სუბიექტი დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, კონტროლის პალატა მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ იგი 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, კარგავს მოქალაქეტა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს კონტროლის პალატა უზრუნველყოფს პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისათვის, აგრეთვე უზრუნველყოფს დეკლარაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებას მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

უკან დაბრუნებული წერილების ნუსხა

იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც წერილის გადაცემა ვერ მოხერხდა მათი რეგისტრაციის მისამართზე არ ყოფნის გამო

იხ. PDF ვერსია